X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

კახეთის ავტობანის მშენებლობა დაიწყო

16 აპრილი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო.

მოცემულ ეტაპზე, კახეთის 85 კმ-იანი ავტობანიდან სამუშაოები დაიწყო თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან, ვაზიანის შემოვლითი გზის, მონაკვეთზე.

თბილისი-საგარეჯოს ავტობანი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილის ჩქაროსნული გზა. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, ქართულ კომპანიებს მისცემოდათ ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება. შესაბამისად, კახეთის ავტობანის თბილისი-საგარეჯოს ერთ-ერთ მონაკვეთს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია აშენებს.

კახეთის ავტობანის პროექტირებაზე ავსტრიელმა და გერმანელმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, იმუშავეს. 

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, რაც ამ მონაკვეთზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა.

საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს.

კახეთისთვის, როგორც ტურისტული და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალისა და ინტერესის მქონე რეგიონისთვის,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების  კონკურენტუნარიანობასაც.

მთავრობის 10 წლიანი გეგმის მიხედვით, საერთო ჯამში, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება, საიდანაც 1 მილიარდი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.