„გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილებებზე თვითმმართველობებთან ვიმსჯელეთ“

A-/A+

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან შეხვედრა  გაიმართა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები - გათანაბრებით ტრანსფერის ფორმულის ცვლილება გააცნეს. 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით სამუშაო ჯგუფების შეხვედრები პერიოდულად იმართება. დეცენტრალიზაციის ფარგლებში კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი, ეტაპობრივად, ცენტრალურიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რის შემდეგაც ეკონომიკური და სოციალური საკითხების დიდი ნაწილი ადგილზე გადაწყდება. 
,,ამჯერად გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მათ გააცნო დეცენტრალიზაციის კონტექსტში გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილება. აღნიშნული ფორმულა დეტალურად  განვიხილეთ. არის გარკვეული კითხვები, როგორც მუნიციპალიტეტების მხრიდან, ასევე თითოეული განმახორციელებლის მხრიდან, თუ როგორი სახით უნდა მოხდეს აღნიშნული მიმართულებით თანხების გადასვლა მუნიციპალიტეტების დონეზე“ - განაცხადა მზია გიორგობიანმა.
,,ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო, საუბარია გათანაბრებით ტრანსფერის ფორმულის შეცვლაზე, ასევე,  მიდგომების შეცვლაზე. მუნიციპალიტეტებს, მაგალითად დედოფლისწყაროს ყოველწლიურად საკუთარი შემოსავლების გაზრდასთან ერთად აკლდებოდა გათანაბრებით ტრანსფერი, რაც გარკვეულწილად სტიმულსაც აკარგვინებდა მას. დღევანდელი მიდგომები და  ცვლილებები  წინ გადადგმული ნაბიჯია.  უფრო ნათელია, თუ რა პრინციპების მიხედვით მოხდება განაწილება“-აღნიშნა  დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. 
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გადაიდგა ფისკალური დეცენტრალიზაციის მიმართულებით და განსაზღვრულია 2019 წლის ბიუჯეტში. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზანი მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.
თვითმმართველი ერთეულის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკუთარი საბიუჯეტო შემოსულობაა გათანაბრებითი ტრანსფერი. გათანაბრებითი ტრანსფერის მიზანია სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების გათანაბრება. 
 

03.11.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია