საქართველო-ლატვიის რეგიონების ეკონომიკური ფორუმი

A-/A+

მცხეთა-მთიანეთის მხარე ლატვიის დელეგაციას  მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  სავაჭრო-სამრეწველო პალატის,  მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით  იმართება  რიგისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ეკონომიკური ფორუმი და  ბიზნეს-წრეების შეხვედრა. 
ღონისძიების ფარგლებში მხარეები ერთმანეთს აცნობენ რეგიონების საინვესტიციო პოტენციალს და   კონკრეტულ შეთავაზებებს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე - რეგიონების განვითარების შესახებ გამოცდილებას უზიარებენ.  ფორუმის მსვლელობისას ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციასა  და რიგის რეგიონის განვითარების საბჭოს შორის. 
ღონისძიებაში  ლატვიური მხრიდან ბიზნეს-დელეგაციაც მონაწილეობს (11 კომპანია). ორი ქვეყნის რეგიონების ბიზნეს-წრეებს საშუალება ექნებათ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელონ.  ლატვიური  კომპანიების ძირითად ინტერესს  წარმოადგენს: საგზაო ინფრასტრუქტურა, სპორტული ინდუსტრია, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, 3D დიზაინი და სხვა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ეკონომიკურ ფორუმში  მონაწილეობის მისაღებად 80-მდე ქართული კომპანია დარეგისტრირდა. 
ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, საქართველოსა და ლატვიის სამთავრობო და ბიზნეს-წრეების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებიან. 
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, რომლის მიზანიც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაა. 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით,  საქართველო-ლატვიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით 71 %-ით მეტია. ექსპორტის წილი 6.72 მილიონი დოლარია, იმპორტმა კი 21.72 მლნ. დოლარი შეადგინა. 
 

15.10.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია