საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნებათ

A-/A+

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში წითელუბანსა და დიცში წყალმომარაგების ქსელის მეორე ეტაპის სამუშაოების ძირითადი  ნაწილი დაასრულა. აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები 20-24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.  
საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან ერთად გაეცნო.
პირველი ეტაპის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 8  (დიცი, ფლავი, ფლავისმანი, ფხვენისი, მერეთი, ქორდი, წითელუბანი და სობისი) და კასპის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში (ბოჟამი და ხვითი) წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის სამუშაოები იანვარში დასრულდა.  პროექტისთვის 3 მლნ ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა.  მოეწყო ჭაბურღილები, საქლორატორო და სადაწნეო კოშკი. ვინაიდან, სოფელ დიცსა და სოფელ წითელუბანში  არ არსებობდა  წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, გაგრძელდა მეორე ეტაპის სამუშაოები. 
აღნიშნულ სოფლებს წყლის მიწოდების პრობლემა 2008 წლის შემდეგ შეექმნათ, რადგან სათავე ნაგებობა, საიდანაც ეს სოფლები მარაგდებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.  სამუშაოების შედეგად, 11 ათასზე მეტ ადამიანს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა.

07.08.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია