მცხეთაში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა

A-/A+

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა. 

საცხოვრებელი ბინები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს. 

სამუშაოები ითვალისწინებდა 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას და გარე განათების მონტაჟს. ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი,  პანდუსები,   გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. პროექტი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 

„მცხეთაში მცხოვრებ დევნილებს მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება და სასიხარულოა, რომ ძალიან მალე 120  ოჯახს საკუთრებაში გადაეცემათ ბინები. ამით ვახერხებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობების გამოთავისუფლებას შემდგომი გამოყენებისთვის. ამ კონკრეტული პროექტის გარდა, ჩვენ 1500 ოჯახზე გათვლილი მიმდინარე მშენებლობები გვაქვს, თუმცა დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივ გეგმებში გაწერილია, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდში 3700 ოჯახი უნდა დავაკმაყოფილოთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.     
 

08.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია