მზია გიორგობიანმა „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ მონაწილეებს მიმართა

A-/A+

,,საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის-ღია ბაზრით, ლიბერალური ეკონომიკითა და სტრატეგიული ადგილმდებარეობით. ჩვენ ვართ არაერთი ქვეყნის პარტნიორი, ასევე ევროკავშირთან, ჩინეთთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ქვეყნებთან და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყანა“,-განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.
„საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ (GAACC)  და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ (UBL) ორგანიზებით გამართული  ფორუმის  მიზანია, საერთაშორისო დელეგატებს გააცნოს საქართველო, როგორც დიდი შესაძლებლობებისა და  საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყანა, ხელი შეუწყოს  მეწარმეებს,   საერთაშორისო კონტაქტების დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებაში. 
ღონისძიების სახით ფორუმის ორგანიზატორები დელეგატებს სთავაზობენ ერთგვარ საერთაშორისო პლატფორმას ახალი ბიზნესურთიერთობებისა და კონტაქტების დასამყარებლად.
ფორუმს სპიკერები და დელეგატები მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან. საპატიო სტუმრებმა ჩაატარეს მასტერკლასები ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით თემებზე. 
როგორც სიტყვით გამოსვლისას მზია გიორგობიანმა აღნიშნა,  ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია სატრანზიტო პოტენციალის ათვისება. ,,ამის მაგალითია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება და ასევე, დაგეგმილია. მათ შორისაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება და  რკინიგზის მოდერნიზება. ეს პროექტები გაზრდის საქართველოს საერთო სატრანსპორტო შესაძლებლობებს და იქნება სტიმული რეგიონში თანამშრომლობის წარმატებით  განვითარებისთვის.“-განაცხადა მზია გიორგობიანმა.
ორდღიანი ( 5-6 ოქტომბერი) ფორუმის   ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველად სტუმრობს მისი აღმატებულება შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰი - ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი; აგრეთვე მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი - ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი.
 

05.10.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია