ზურაბ ალავიძე:ანაკლიის პორტი მოგვცემს საშუალებას მთლიანი სატრანზიტო პოტენციალი გამოვიყენოთ

A-/A+

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების იურიდიული ნაწილი დასრულებულია და მშენებლობის ეტაპი წლის ბოლოს დაიწყება.  ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრის თქმით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

,,ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი  ანაკლიის პორტის მშენებლობას უჭირავს. ეს პორტი მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ღრმაწყლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს. ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ ბევრი იმუშავა და კარგად იმუშავა. მივედით იქამდე, რომ უკვე იწყება მშენებლობა დეკემბრის ბოლოს. იურიდიული ნაწილი დავასრულეთ, გადავდივართ მშენებლობაზე. ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობაც ჩართულია ამ პროცესებში და ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტი. ჩვენ დავიწყებთ მშენებლობის ფაზაზე მონიტორინგს. პროექტის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს  და საფინანსო ინსტიტუტებთანაც მოლაპარაკებებს კონსორციუმი წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება.  ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო.

11.10.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია