დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფების შეხვედრები გრძელდება

A-/A+

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სფეროს ექსპერტების მონაწილეობით, დეცენტრალიზაციის საკითხებზე მუშაობა გრძელდება. ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით ჩატარდა. ,, გაიმართა მორიგი შეხვედრა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი შექმნილია ფისკალურ დეცენტრალიზაციასთან მიმართებაში, განხილულ იქნა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც შემოგვთავაზეს სამუშაო ჯგუფში ჩართულმა ექსპერტებმა. აღნიშნული საკითხები განვიხილეთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, რომ შევძლებთ წლის ბოლომდე სტრატეგიის დამტკიცებას და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიღებას, სადაც სრულად იქნება ასახული მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ვალდებულებებთან და უფლებებთან ერთად შესაბამისი ფინანსური რესურსები“,-განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე. 
სამუშაო შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საიმისოდ, რომ მუნიციპალიტეტებს გაუჩნდეთ მეტი მოტივაცია ეკონომიკის განვითარებისთვის. 
,,დღევანდელი შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან რეალურად დაიწყო მსჯელობა მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით. უკვე განიხილება კონკრეტული ნაბიჯები - რა უნდა დარჩეს მუნიციპალიტეტებში, რომელი გადასახადი ჯობს იმისთვის, რომ მათ მეტი მოტივაცია გაუჩნდეთ. ამ კუთხით ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგა. მთავრობა და არასამთვრობო სექტორი ერთად კარგად მუშაობს“-განაცხადა  თვითმმართველობის ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ხოსრუაშვილმა.
სამთავრობო ხედვის თანახმად, კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი, ეტაპობრივად, ცენტრალურიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რის შემდეგაც ეკონომიკური და სოციალური საკითხების დიდი ნაწილი ადგილზე გადაწყდება. 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით სამუშაო ჯგუფების შეხვედრები 2018 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს.
 

31.10.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია