ანაკლიის პორტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილია

A-/A+

ზედმეტი აჟიოტაჟი ახლდა ჩემს აქ ჩამოსვლას და მინდა ყველას ვუთხრა, რომ პორტის მნიშვნელობა ჩემი ჩამოსვლით თუ არ ჩამოსვლით არ განისაზღვრება. ის სამუშაოები რაც აქ განხორციელდება, ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნანახი სხვადასხვა გეგმასა თუ პრეზენტაციაში, თუმცა სამეგრელოში ამ ორ დღეში ბევრი პროექტი ვნახე და მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა მომავალი პორტის ადგილი - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს ანაკლიაში, სადაც პორტის მშენებლობის ტერიტორია ერთად დაათვალიერა და კონსორციუმის წარმომადგენლებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, ვფლობ დეტალურ ინფორმაციას და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე - რეგიონის განვითარებისა და იმისთვის, რომ ჩვენი ლოჯისტიკური პოტენციალი მთლიანად ავითვისოთ. როდესაც ვსაუბრობთ მაგისტრალების და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, ეს ყველაფერი პორტთან ერთად არის ერთიანი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, რაშიც ვდებთ დიდ თანხებს და სხვადასხვა რესურსს. ანაკლიის პორტი არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ პროექტის საჭიროების მიმართ არანაირი კითხვა არ დგას. ერთადერთი პრობლემაა ის, რომ დღეს აქ სამუშაო არ მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი და კონსორციუმის სურვილი სწორედ ესაა - აქ იყოს გაჩაღებული სამშენებლო პროცესი,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. 
 

07.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია