სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობისთვის გორში ორი 14 ბინიანი ახალი სახლი აშენდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან კობა სუბელიანთან, შიდა ქართლის გუბერნატორთან ზურაბ არსოშვილთან, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან და საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილესთან ერთად გორში "სოციალური სახლის" გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გასულ წელს გაფორმდა მემორანდუმი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, იტალიის მთავრობის წარმომადგენლობას, შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლობას და გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარიატს (UNHCR) შორის. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად აშენდა ის სოციალური საცხოვრებელი რომლის გახსნაც დღეს გორში მოხდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართული იყო პროექტის შემუშავებაში, გარდა ამისა, კოორდინაციას უწევდა და უზრუნველყოფდა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გუბერნატორების ადმინისტრაციების ჩართულობას პროექტში.
გორის სოციალური სახლი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პილოტური პროექტის "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" ფარგლებში აშენდა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში სოციალურად დაუცველი, უსახლკარო და დევნილი მოსახლეობისათვის სახლების აშენებას და ბინებით დაკმაყოფილებას. სოციალური სახლები მუნიციპალიტეტის საკუთრება იქნება და მოსახლეობას სარგებლობის უფლებით გადაეცემა.
პროექტის მიზანია შეიქმნას ისეთი საცხოვრებელი გარემო, სადაც მოხდება ადამიანებს შორის კომუნიკაციისა და ინტეგრაციის სტიმულირება; ამისათვის სოციალურ სახლებში მოეწყო საერთო ფართები: საერთო თავშეყრის ოთახები, სამრეცხაო, ტერასები და ბაღები. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა 3,793,000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფილი იქნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.












