GEO
ENG
მთავარი მთავარი დაგვიკავშირდით
სიახლე
img_001
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, რომელიც ამავდროულად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილე გახლავთ - რებეკა გრინსპანსა და ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს კორი უდოვიჩკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი. 
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული განვითარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში ამჟამად ახორციელებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის გაძლიერებაზე გამახვილდა. აღსანიშნავია, რომ, სწორედ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა ისეთი სტრატეგიული დოკუმენტები, როგორიცაა - საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წლების სახელმწიფო სტრატეგია და 2011-2014 წლების სამოქმედო გეგმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა, ქვეყნის თითოეული რეგიონისთვის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამის შემუშავების კუთხით რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. 
მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბრიფინგი მოეწყო, რომელზეც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
როგორც ქალბატონმა რებეკამ აღნიშნა, ამ მცირე დროის განმავლობაში, საქარველოში ბევრი რამ გაკეთდა რეგიონების ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი თვითმმართველობების და რეგიონული მმართველობის განვითარების თვალსაზრისით. ასევე, იმისათვის, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩართულიყო მართვის პროცესში. 
"ჩვენი გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვარწმუნებს, რომ ეს სწორედ განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯებია. ჩვენ UNDP-ში ვიღებთ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ და შემდეგ მას მთელ მსოფლიოს ვუზიარებთ. ვფიქრობ, საქარველოს შთამბეჭდავი წარმატებების გაზიარება საინტერესო და სასარგებლო იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც. საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია და ვიმედოვნებ მომავალში უფრო მეტის ნახვას მოვასწრებ". - აღნიშნა რებეკა გრინსპანმა.
img_001
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად, ქუთაისში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მომსახურების ახალი ცენტრები და რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.აღნიშნული ცენტრი მოსახლეობას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება და საშუალებას მისცემს აბონენტებს ოპერატიულად მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ქუთაისის წყალმომარაგების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ და გადაიხადონ დავალიანება. მაცხოვრებლებს დატრენინგებული სპეციალისტები მოემსახურებიან, რომელებიც ელექტრონულ ჟურნალში დააფიქსირებენ მოსახლეობის ყველა განცხადებას დაწყებული ტექნიკური პრობლემებით, დამთავრებული სულადობის კორექტირებით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პირადად შეამოწმა ახალ საინფორმაციო ცენტრში მომსახურების ხარისხი. რამაზ ნიკოლაიშვილი სერვის ცენტრში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა და მათგან მიიღო ინფორმაცია ქუთაისის ცალკეული უბნების წყალმომარაგების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ. მოსახლეობისათვის კომფორტული და ცივილური პირობების შესაქმნელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერიც მოეწყო, რათა კომპანიაში მოსული აბონენტი საკუთარ ჯერს კეთილმოწყობილ და კომფორტულ პირობებში დაელოდოს. ამავე დღეს, რამაზ ნიკოლაიშვილმა ავტოქარხნის დასახლებაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი საინფორმაციო ცენტრიც მოინახულა, რომელსაც ცენტრალურ ოფისში არსებული სერვის ცენტრის ანალოგიური ფუნქცია აქვს. მსგავსი სახის საინფორმაციო ცენტრების გახსნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალში აბონენტთა ჭარბი მიმართვიანობის გამო გახდა აუცილებელი. 
img_001
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც "მარაბდა-თეთრიწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებენ. შეხვედრაზე მინისტრმა ქართული, აზერბაიჯანული, სლოვაკური, უკრაინული და თურქული კომპანიების ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა ანგარიში სარკინიგზო ხაზზე 2011 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ და 2012 წელს ჩასატარებელი მასშტაბური სამუშაოების გეგმა დაამტკიცა. მიმდინარე წელს განსახორციელებელი სამუშაოების მოცულობებიდან გამომდინარე, პროექტის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რკინიგზის ხაზი ყველა პარამეტრით გაუთანაბრდება საერთაშორისო სტანდარტებს. ახალი სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას და აზიიდან და ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების სწრაფად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას."მარაბდა-თეთრწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი "ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
img_001
საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა დღის ბოლოსთვის აღდგება. აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლის საფარის გაწმენდით სამუშაოებში დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მიიღო მონაწილეობა. იგი ბოლო 24 საათის განმავლობაში პირადად ესწრებოდა გზის გაწმენდით სამუშაოებს და ეხმარებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს აღნიშნული მონაკვეთის თოვლისგან გასუფთავებაში.რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მუშაობით. სწორედ აღნიშნული დეპარტამენტის ოპერატიულობის შედეგია, რომ მიუხედავად მოსული უხვი ნალექისა, კობი-გუდაურის, ასევე ცენტრალური მაგისტრალის და რაიონულ ცენტრებთან დამაკავშირებელი მონაკვეთები ზამთრის სეზონის განმავლობაში ხანგრძლივად არ ჩაკეტილა და მოძრაობის შეფერხება მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ამჟამად კობი-გუდაურის მონაკვეთზე არსებული გვირაბების შესასვლელ-გასასვლელები ჩამოწოლილი 5-6 მეტრიანი ზვავებისაგან იწმინდება და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის დღის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი.